წინა პოსტში ვწუწუნებდი, ვწუწუნებდი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების ნაკლებობაზე ქართულ ლიტერატურაში.
ეს იყო ერთგვარი შემზადება იმისთვის რაც ახლა უნდა ვთქვა.
მე ვწერ ფენტეზის.
დიახ, ბავშვობიდან მაწუხებდა წარმოსახვითი სახელმწიფოების არსებობდა, წარმოსახვითი ადამიანები და მათი ისტორიები, მათი გმირობები და ტრაგედიები. კარგად მახსოვს, ძილის წინ დავიწყებდი ოცნებას, ვქმნიდი პერსონაჟებს, შემდეგ სამყაროებს, ქვეყნებს, მეფეებს, მცველებს და მსახურებს. შემდეგ ვოცნებობდი ამ სამყაროზე სანამ არ დავასრულებდი მის ”ამბავს”, ეს კი დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა, ერთი თვის შემდეგ კი ახალ სამყაროს ვქმნიდი ახალი ამბებით. საბოლოოდ თხუთმეტ წელს მიღწეულს დაახლოებით ასამდე ესეთი ამბავი მქონდა ჩემი გონების ბიბლიოთეკაში, სადღაც მტვრიან კუთხეში მიგდებული. ზუსტად ამ დროს ერთ-ერთი ამოვარჩიე და ისევ მასზე ოცნება დავიწყე. და უეცრად, რამდენიმე მიზეზთა გამო გადავწყვიტე ეს ამბავი დამეწერა.
წერა შარშან დავიწყე.
პირველი ვერსია მოვამთავრე თუ არა, გადავხედე და აღმოვაჩინე რომ ძალიან მშრალი ამბავი იყო რომელსაც მხოლოდ გონებაში არსებობის უფლება თუ ქონდა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ახალი ჩონჩხი ამეგო ჩემი მოთხრობისთვის და ასე მოვიქეცი კიდევაც. დღეისთვის ჩონჩხი მთლიანად ჩამოყალიბებულია და წერაც დაწყებული მაქვს. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ წერა რამდენიმე წელს გასტანს, რადგან მინდა კარგი გამოვიდეს.
მოთხრობას ჯერ სახელი არ აქვს.
მოთხრობა წმინდა ეპიკური ფენტეზის ჟანრია (კრიტერიუმების მიხედვით ასე გამოდის), მოქმედება გამოგონილ სამყარო/პლანეტაზე მიმდინარეობს. არ მინდა გული დაგწყვიტოთ მაგრამ ორკები, დრაკონები და ელფები არ მიხმარია. მოთხრობის პროტაგონისტი უბრალო (თუმცა, არც თუ ისე უბრალო) ბიჭია, რომლის ცხოვრებაშიც უეცარი ცვლილებები (არა, არც მშობლებს არ უკლავენ, არც შეყვარებულს და არც დრაკონის შვილი არ აღმოჩნდება) ხდება რასაც მთლიანად სამყაროს ცვლილება მოჰყვება, იმპერიების დამხობით დაწყებული…..შინაარსისთვის ეს საკმარისია, არ მინდა ყველაფერი აქ დავწერო.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აბიტურიენტი ვარ, და შესაბამისად წერისითვის დიდი დრო არ მრჩება, მიმდინარე წელი ცავარდნილი მაქვს. შემდეგი წლისთვის უკვე სტუდენტი ვიქნები და ალბათ მეცლება კიდევაც იმისთვის რომ ბოლომდე მოვამთავრო მოთხრობა.
ილუსტრირებაც მე ვითავე და იქამდე მინდა ხატვაც კარგად ვისწავლო, რომ ღირსეული ილუსტრაციები გავუკეთო.
ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა.
ალბათ, მალე მოვრჩები მის წერას და გამოცემასაც ეღირსება თუ დაიმსახურებს. მანამდე კი, ინტერნეტ ვერსიას აუცილებლად დავდებ.
მოკლედ, დღეიდან ”პროექტ: ქვას” (ასე ვუწოდებ იქამდე სანამ სათაურს მოვუფიქრებ) ოფიციალურად დაწყებულად ვაცხადებ.
მადლობა ყურადღებისთვის
ნახვამდის
PS ეს ერთ-ერთი პრე-ილუსტრაციაა.

საინტერესოა! წარმატებებს გისურვებ : )
ძალიან მიყვარს ფენტეზის ჟანრის კინოების ყურება
და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენს შემოქმედებას
<3